ბახვი ჰესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სოციალური პროექტი, კერძოდ, სოფელ ვანისქედში მცხოვრები 47 ოჯახისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. უკვე დამთავრდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც შიდა დაქსელვას და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველჰყოფას მოიცავდა. რაც შეეხება მეორე ფაზას, ის სატუმბი სადგურის მშენებლობასა და აღჭურვას ითვალისწინებს. მასშტაბური პროექტის მეორე ფაზა უკვე დაიწყო და მისი დასრულება 2023 წლის ბოლომდე იგეგმება.
პროექტის დასრულების შემდეგ ვანისქედში მცხოვრებ 47 ოჯახში მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ვანისქედის სოფლის მაცხოვრებლებს სუფთა წყალზე წვდომა მუდმივ რეჟიმში ექნებათ.
„ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია, რაც სოფლების განვითარებას უწყობს ხელს. სოციალური პროგრამის შემუშავების ეტაპზე მოხდა საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით ერთ-ერთ პროექტად ვანისქედში წყლის მომარაგების სისტემის შექმნა განისაზღვრა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბახვი ჰესის გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თავისი მასშტაბით გამორჩეული პროექტია. გვეამაყება, რომ ვანისქედში მცხოვრებ ოჯახებს მრვალწლიანი პრობლემების მოგვარებაში ვეხმარებით. გვახარებს, რომ ჩვენი სოციალური პროექტები სოფლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია და ამას თავად ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვგრძნობთ. ამ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გარეშე ჩვენი მუშაობა არ იქნებოდა ისეთი ეფექტური, როგორიც მათთან ერთად მუშაობის დროს არის“,- განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.