პარტნიორობა
2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო პარტნიორობა USAID-ისთან. კერძოდ, კომპანია ბახვი ჰესმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები. პარტნიორებმა ერთობლივად განახორციელეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა ბახმაროს განათება ენერგოეფექტური, LED-განათებების სისტემით და ასოციაცია „ჩაის გზის“ გაძლიერება. იგეგმება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას.
#ერთადვაშენებთინფრასტრუქტურას
2022 წელს ბახმაროში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან პარტნიორობით, განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომლის შედეგადაც, ენერგოეფექტური LED-განათების სისტემის გამოყენებით, განათდა ბახმაროს ცენტრალური გზა. პროექტი განხორციელდა ბახმაროს ტურისტული პოტენციალისა და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. ცენტრალური გზის 4.5-კილომეტრიან ზოლზე გამოიცვალა ბოძები, საჰაერო გაყვანილობამ გადაინაცვლა მიწის ქვეშ (რაც უზრუნველყოფს მის მეტად დაცულობასა და მდგრადობას) და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED-ნათურები. სამშენებლო სამუშაოებზე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დასაქმებულნი იყვნენ ადგილობრივებიც. დასრულებული პროექტი სამართავად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
#ერთადვაშენებთ
ტურიზმსდაეკონომიკას
2021 წლიდან ბახვი ჰესი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად აქტიურად უჭერს მხარს მცირე მეწარმეებს გურიაში. პროექტი ეხმარება ასოციაცია „ჩაის გზას“ და აძლიერებს ინსტიტუციურ მხარეს, მის ორგანიზაციულ მდგრადობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს გურული ჩაის პოპულარიზაციას, იქმნება ერთიანი ბრენდინგი. შეიქმნა მარშრუტი „ჩაის გზა“. მასში მოქცეული 20-მდე სამოსახლო გადამზადდა სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით.
2022 წლიდან მოყოლებული სისტემატურად იმართება ჩაის ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და გასვლითი ღონისძიებები, სადაც ადგილობრივი მეწარმეები ეცნობიან სიახლეებს, იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და პოპულარიზაციას უწევენ თავიანთ პროდუქციას, ახდენენ მის რეალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა მიმდინარე ღონისძიებების შედეგად ყოველწლიურად იზრდება „ჩაის გზის“ ცნობადობა, რაც მომავალში აუცილებლად გამოიხატება რეალიზებული პროდუქციის გაზრდილ მაჩვენებელსა და მეტ ვიზიტორში. მაგალითისთვის, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 12%-ით არის გაზრდილი ჩაის წარმოება, ხოლო ტურისტული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებლებს. 2023 წელი სარეკორდო იყო ტურისტების მიერ „ჩაის გზის“ წევრთა სამოსახლოების მონახულების თვალსაზრისითაც. თუ 2022 წელს ასოციაციის წევრებს 2 ათასი ტურისტი სტუმრობდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 3 700 შეადგინა, საიდანაც 60% უცხოელი იყო.
2023 წლიდან ბახვი ჰესი მეწარმე ქალთა გაძლიერების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“, რომლის დაარსების მიზანიც ჩხაკაურაში მცხოვრებ ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა. კომპანიამ მათ საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა.
#ერთადვაშენებთმემკვიდრეობას
2023 წელს ბახვი ჰესი ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, საავტორო ფილმ „გურიის“ ერთ-ერთი სპონსორი გახდა. ფილმის გადაღების დაფინანსების მიზანი, რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე გურიის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენაა. ფილმის სცენარის ავტორები თავად ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი და ცნობილი ქართველი მწერალი, „გურული დღიურების“ ავტორი, გიორგი კეკელიძე არიან.