კომპანია CCEH Hydro VI-ის პროექტის, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მმართველობის გუნდი, ტექნიკურ ჯგუფთან ერთად განაგრძობს შეხვედრების სერიას დაინტერესებულ ჯგუფებთან. ამჯერად კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები პროექტის განხორციელების არეალთან მიმდებარე სოფლების, მთისპირის, ოქროსქედის, უკანავას და ვანისქედის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კერძოდ, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში – მაია ჩავლეშვილი და ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე მთისპირის თემში – რომან ვანაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრების ფორმატში კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით მიქელაძემ მოსახლეობას ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი წარუდგინა და აუხსნა გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები. პროექტის მენეჯერის მოადგილემ, ვალერი ხაჩიძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ადგილმდებარეობა და მისი ტექნიკური მონაცემები.
ყველა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსახლეობამ, ამომწურავი პასუხები მიიღო ყველა არსებულ კითხვაზე და ასევე, გაიმართა განხილვა იმ სოციალური საჭიროებებისა, რომელიც სოფლის მოსახლეობას გააჩნია.
„კომპანიის კეთილი ნებაა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღოს ადგილობრივი თემისთვის მნიშვნელოვანი, სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია, ვისმენთ ადილობრივი თემის წარმომადგენლების მოსაზრებებს და იმედი გვაქვს, შევჯერდებით ისეთ მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ, პროექტის საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფაზაზეც და შემდეგაც, ოპერირების დროს, აპირებს ადგილობრივი კადრების დასაქმებას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სასიკეთო ცვლილებების მოტანა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე საპროექტო არეალის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის” – განაცხადა, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
შეხვედრები უშუალოდ სოფლებში კოვიდ ვითარების რეგულაციების გათვალისწინებით და სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. კომპანიის წარმომადგენლები საერთო ჯამში 100 – მდე ადამიანს შეხვდნენ.