დღეს, 2021 წლის 18 ივნისს, მსოფლიოში აღიარებული საკონსულტაციო კომპანიის SLR – ის ეკოლოგი, ნიკოლა ფოლკსი გურიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის SLR – ის მიერ დაგეგმილი ბიომრავალფეროვნების კვლევის გეგმა და მიმდინარე საქმიანობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
საერთაშორისო კომპანია SLR-ი ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის ბიომრავალფეროვნების კვლევას ახორციელებს, , რომლის შედეგად განისაზღვრება ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შემარბილებელ ღონისძიებები. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს დაცულ სახეობებთან მიმართებაში გასატარებელ ღონისძიებებს. დაცულ სახეობებში იგულისხმება, როგორც საქართველოს წითელი ნუსხის, ასევე IUCN (International Union for Conservation of Nature) მიერ დაცული სახეობები.
ამ კონკრეტული ბიომრავალფეროვნების კვლევის ფარგლებში მოხდება წყლის და ნახევრად წყლის სახეობების, ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიებისა და ამფიბიების, ღამურების, ფლორის, სოკოების და ტყის საფარის შესწავლა. აგრეთვე, იგეგმება კრიტიკული ჰაბიტატის კვლევა.
გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც დღეს ოზურგეთში კომპანია სი-სი-ი-ეიჩი ჰაიდრო VI -ის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის ჯგუფის ინიციატივით გაიმართა, კომპანიის მხრიდან ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი, გიგლა სიხარულიძე და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი ნანა ბერძენიშვილი. ნიკოლა ფოლკის მოხსენების შემდეგ, განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაჟღერეთ ინფორმაცია რომ მოვიწვევდით უცხოელ პროფესიონალებს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევების განსახორციელებლად. საერთაშორისო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ოფისთან, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის წევრია, ხელშეკრულება გავაფორმეთ ამა წლის 13 მაისს და როგორც ხედავთ, გარკვეული აქტივობები უკვე მიმდინარეობს. 2021 წლის მაისის ბოლო კვირაში უკვე იყვნენ ჩასულები იხტიოლოგი, ზოოლოგი და ორნიტოლოგი. ახლა, დაველოდებით კვლევის პროცესის გაგრძელებას, შემდგომში კი შედეგებს და ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმას, რათა გარემოზე შესაძლო ზემოქმედება დავიყვანოთ მინიმუმზე. SLR-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, დავგეგმავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სასარგებლოც, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივეცით საშუალება შეხვედროდნენ SLR-ის საერთაშორისო ექსპერტს ბიომრავალფეროვნების საკითხებში და მისგან მოესმინათ კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია და პირველადი მონაცემები. ჩვენ ვინარჩუნებთ გამჭირვალედ მუშაობის მიდგომას და დაინტერესებულ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარვმართავთ საქმიანობას. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და საჭირო იყო ორივე მხარისთვის” – განაცხადა კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
SLR-ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი, არის საერთაშორისო გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც აერთიანებს 1,600-მდე კონსულტანტს ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ოფისებში. კომპანია 1994 წელს დაფუძნდა და ის გლობალური ლიდერია გარემოსდაცვითი და საკონსულტაციო გადაწყვეტილებების მიმართულებით. SLR -ი თავის კლიენტებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ეხმარება მიაღწიონ მდგრადობის მიზნებს იმ ღონისძიებების სწორედ დაგეგმვის და განხორციელების მეშვეობით, რომელიც პირდაპირ აისახება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებაზე.