2022 წლის 27 ივნისს, გარემოს დაცვის სააგენტომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა. ბრძანება , 2022 წლის 28 ივნისს აიტვირთა სააგენტოს ვებ პორტალზე. იხილეთ ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/144
„დღეს მივიღეთ გარემოსდაცვითი დაგაწყვეტილება, რომელიც გვანიჭებს უფლებას და შესაძლებლობას, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რეალურად დიდი შრომა გავწიეთ, აქამდე მოსასვლელად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იყო პროექტში. მუშაობის სტილი, კომუნიკაციების ფორმები, გამჭვირვალობა, ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა, ჩვენს მიერ არჩეული ხაზია, რომელიც ბუნებრივია გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მშენებლობის ფაზასაც დიდი წარმატებით გავართმევთ თავს და დაგეგმილ ვადებში ავამუშავებთ ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც ევროპული სტანდარტებით აგებული ერთ-ერთი საუკეთესო სადგური იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამა თავიდან ბოლომდე აგებულია საერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებულ რეკომენდაციებზე, ასევე, პასუხობს ადგილობრივად არსებულ საჭიროებებს, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისას გამოვლინდა.” – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI -ის დირექტორმა.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს ჩოხატაურსა და ოზურგეთში, 11 თებერვალს კი მთისპირსა და ჩხაკაურაში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. საჯარო განხილვების დროს პროექტს უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ადგილობრივი (მთისპირის თემის და ჩხაკაურას) მაცხოვრებლებისგან.