2021 წლის 26 სექტემბერს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI-ის ინიციატივით, კომპანიის თანამშრომლებმა, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ბახმაროში დასუფთავების აქცია გამართეს. აქციას შემოუერთდნენ ადგილობრივი მოხალისეებიც.
30-მა მოხალისემ რამდენიმე საათის განმავლობაში დაასუფთავეა ჩოხატაური-ბახმაროს გზის მიმდებარე ფერდობი და ბახმაროში ე.წ. „ბაზრის” მიმდებარე ტერიტორია, რაც ჯამურად დაახლოებით 1 ჰექტარი მიწის ფართობია.
ამ აქციის მიზანი, ერთის მხრივ, ბახმაროს გარკვეული მონაკვეთების დასუფთავება, მეორეს მხრივ კი, გარეოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მისი სწორედ მართვა იყო.
დავით მიქელაძე, კომპანია CCEH HYDRO VI-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში, საკმაოდ ხშირად გვიწევს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმოსვლა. მოგეხსენებათ, მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, გვიწევს ვიზიტები ბახმაროშიც. ვიფიქრეთ, ტურისტული სეზონის დასასრული კარგი პერიოდია, ბახმაროში იმ ადგილების დასასუფთავებლად, სადაც მთელი სეზონის მანძილზე აქტიურად გადაადგილდებოდნენ ადამიანები. ჩვენს თავზე ავიღეთ ინიციატივა და ორგანიზება გავუკეთეთ ამ აქციას. დღევანდელი დღე, კარგი მაგალითია ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანების გაერთიანებისა. მიხარია, რომ მოვახერხეთ, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოვედით და ერთიანი ძალისხმევით, წინასწარ შერჩეული ადგილების დასუფთავება მოვახერხეთ”.