ინტერვიუ მრჩეველთა საბჭოს წევრთან, გურია ნიუსის დამფუძნებელთან ქალბატონ ია მამალაძესთან
28.04.2025წ.
ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა „ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს“ პროექტით. კატეგორია – მე-16 მიზანი „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები“.
- ქალბატონო ია, თქვენ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი პირველი წევრი ბრძანდებით. მინდა გავიხსენოთ ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს მიზანი და ფუნქცია და როგორ შეაფასებ საბჭოს ფორმატს? კომპანია ბახვი ჰესის მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით შემუშავებული ფორმატი ძალიან საინტერესო და საჭიროა. ის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ეკოლოგიური საკითხების მიმართ, რაც, თავისთავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ, ამ ფორმატმა დაადასტურა, რომ დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დიალოგიც, დათმობებიც, ზიანის შემცირებაზე ზრუნვაც. საბჭოს ფორმატში კომუნიკაცია გამართული, ღირებული და ინტენსიურია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბჭოს არსებობა წარმოდგენილი ფორმატით.
- მე მომხრე ვარ, „ყველაფრისმცოდნეებიდან“ სპეციალისტების პატივისცემაზე გადავიდეს ჩვენი საზოგადოება; ამიტომ, ჩემთვის საინტერესოა ყველა დეტალი, რაც ერთი მხრივ, საქართველოს ბუნების შენარჩუნებას და მეორე მხრივ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას ეხება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოცემულ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრობა მოხალისეობრივია, ჩემთვის ძალიან ღირებულია მიღებული ცოდნა, ინფორმაცია, სპეციალისტებთან ურთიერთობა. ეს ფორმატი რომ ღირებულია, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის ჯილდომაც დაადასტურა. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ეს ჯილდო, რადგან მახსოვს, რა სიხარული მომიტანა 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის პრიზმა „წლის საუკეთესო საქმიანი ქალი“.
- გსმენიათ თუ არა მანამდე, ამ ფორმატში მუშაობის მაგალითების შესახებ, ვგულისხმობ, როცა ერთ მხარეს კომპანიაა ან რომელიმე პროექტის მენეჯმენტი და მეორე მხარეს კი, დაინტერესებული მხარეები? კომპანია ბახვი ჰესის მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმატი მართლაც უნიკალურია; იმის მიუხედავად, რომ ხანგრძლივი შრომითი გამოცდილება მაქვს, ვერ ვიხსენებ ურთიერთობის მსგავსს ფორმატს ბიზნეს სფეროსთან. როგორც წესი, კომუნიკაცია, ინფორმაციის მოწოდება „პოსტ ფაქტუმ“ ან კონფლიქტურ სიტუაციაში ხდება ხოლმე მედიასთან. სწორედ ამ კომპანიასთან ურთიერთობა აღმოჩნდა ღირებული სტანდარტების დამკვიდრების მაგალითი ჩემთვის.
- რამდენად ქმედითი იყო საბჭო ამ წლების მანძილზე? საბჭოს ქმედითობა რამდენიმე დათვლადი შედეგით და კრიტერიუმით შეიძლება შევაფასოთ: საზოგადოების მწვავე პროტესტები, რასაც ერთი მხრივ ბიზნესის და მეორე მხრივ ადამიანების ინტერესები ეწირება, პრაქტიკულად, არ ყოფილა; საბჭოს არც ერთი სხდომა არ „ჩავარდნილა“, პირიქით – დაგეგმილზე დიდხანს გრძელდება, ხშირად მწვავე შინაარსის უამრავი შეკითხვით; საბჭოს მიერ წამოწეული საკითხების გადაჭრის მაგალითები; საზოგადოებასთან უფრო ინტენსიური, ადგილობრივ საჭიროებებს მორგებული აქტივობების რაოდენობა და სხვა. ამასთან, არ დამეზარება კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, საბჭოში მუშაობა სპეციფიკურ სფეროს შესახებ მეტი და კვალიფიციური ცოდნის მიღების წყაროცაა. და კიდევ, ძალიან კარგ ადამიანებთან, პროფესიონალებთან, კოლეგებთან ურთიერთობის საშუალებაც.
- რამდენად გამჭვირვალედ და სამართლიანად იღებდით თქვენთვის საინტერესო ამბებს მიმდინარე პროექტის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებისგან? კომპანიის წარმომადგენლები არიან სრულად გახსნილები და ღიაა ყველა ის ინფორმაცია, რაც საბჭოს წევრებს მონიტორინგის, მსჯელობის, არგუმენტების ფორმირებისთვის სჭირდებათ. მნიშვნელოვანი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათი სამუშო სფეროს და პროფესიული ცოდნის მიხედვით, ძალიან მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ – ეს ჩვენ ქვეყნის განვითრებისთვის უმთავრესია.
- რა მისცა საბჭოს ფორმატში მუშაობამ პროექტს? ზემოთ აღვნიშნე, რომ საზოგადებასთან ურთიერთობის სწორად დაგეგმილმა სტრატეგიამ (რომლის ნაწილიც მრჩეველთა საბჭოს ფორმატიცაა), კომპანიას თავიდან აარიდა ტრადიციული საზოგადოების მწვავე პროტესტები, რასაც ერთი მხრივ ეკოსისტემების, ბიზნესის და ადამიანების ინტერესები ეწირება. ამ კონფლიქტების საფუძველი კი სწორედ ჩართული მხარეების ინტერესების უგულებელყოფა, კომუნიკაციაზე უარი და მედიაციის ნაკლები უნარია. ძალიან ხშირად, ბიზნესი თვლის, რომ ურთიერთობების გარკვევა მხოლოდ სახელისუფლებო და სანებართვო სტრუქტურების საქმეა და „სხვების“ აზრი ნაკლებ საინტერესოა. ამ პროექტით დადასტურდა, რომ როცა სწორ კომუნიკაციაში ზემოთ ჩამოთვლითა გარდა, ჩართულია ადგილობრივი სოციუმი, საზოგადოება, მედია, ადგილობრივი თვითმმართველობა, მესამე სექტორი შედეგიც შესაბამისია.
- რა მისცა საბჭოს ფორმატში მუშაობამ საბჭოს წევრებს? მე პირადად, მომცა იმედი, რომ ექვსკუთხა საბჭოური „ხარისხის ნიშნის“ სტანდარტი ჩემს ქვეყანაში როდესმე წარსულს ჩაბარდება და დაინერგება დასავლური, ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მოვლა-გაფრთხილებაზე, ყველა ჩართული მხარის ინტერესების გათვალისწინებაზე, სანდოობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და სტანდარტები. და რომ ეს… შესაძლებელია!