იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს წყლის ბიომრავალფეროვნება და დაცული იყოს გარემოს დაცვითი სტანდარტები ყველაზე მკაცრი, ევროპული რეგულაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, სასურველია, რომ მდინარეზე არსებული პროექტების მართვაზე პასუხისმგებელი იყოს ერთი კომპანია, რომელიც ერთიან გარემოსდაცვით პოლიტიკას აწარმოებს თითოეულ ჰესზე. ჩვენ გარემოსდამცველი ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, შევძელით და ერთ პორტფელში მოვაქციეთ მდინარე ბახვისწყალზე არსებული და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტები.
ოპერირების დროს, მდინარის წყალს თითოეული ჰესი იღებს გარკვეულ მონაკვეთზე და შემდეგ უკან აბრუნებს მას მდინარეში. ჩვენ, გზშ-ს დოკუმენტში ორივე ჰესის (ბახვი 1 და ბახვი 2) შემთხვევაში, დავაფიქსირეთ, რომ როგორც მაღალი პასუხისმგებლობის კომპანია, მდინარეში, კანონმდებლობით განსაზღვრული 10% ის ნაცვლად, დავტოვებთ 29 % წყალს. სათავე ნაგებობიდან მდინარის ქვედა დინების მიმართულებით, როგორც მინიმუმ, გარანტირებულად შენარჩუნებული იქნება ე.წ ეკოლოგიური ხარჯი, 290 ლიტრი/ წამში ოდენობით. ამავდროულად, წყალუხვობის პერიოდში, კერძოდ კი, მაისი – ივლისის თვეებში, ეკოლოგიურ ხარჯს მდინარეში, დაემატება 2000-დან 5000 ლიტრამდე/წამში წყლის ოდენობა. ეს კი გარანტირებულად თავიდან აგვაცილებს ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფით ზემოქმედებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ მდინარის იმ პერიმეტრზე, სადაც დაგეგმილია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტები, უხვად ფიქსირდება შენაკადები, სულ 51 შენაკადი, რომლებიც ჩამოედინება მდინარეში სათავიდან ჰესის უკანასკნელ შენობამდე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ მდინარეში დატოვებულ 29%-ს ემატება შენაკადებიდან შემოსული წყალი. შესაბამისად, საპროექტი ტერიტორიაზე (ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურები) მდინარეში დატოვებული წყლის რაოდენობა საშუალოდ 42% -მდე ადის.