ბახვი ჰესის აქტიური სამშენებლო სამუშაოების პარალელურად ინტენსიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა და მონიტორინგის პროცესები. ბახვი ჰესის ვალდებულებების ნუსხაში, ყოველ კვარტალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და მონიტორინგის წარმოება ერთ-ერთი უმთავრესია. აღნიშნული ვალდებულების შესრულებას მონიტორინგ უწევს ერთის მხრივ სახელმწიფო, მეორეს მხრივ კი, ის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის საწყის ეტაპზე აწარმოებდნენ სამშენებლო პერიმეტრის კვლევას, ასევე, პროექტის ინვესტორები. სწორედ, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომლის ზედმიწევნით განხორციელების შემთხვევაში, პროექტი გარემოზე მოსალოდნელ ზიანს ან სრულიად აირიდებს, ან კი, მოხდება მისი მნიშვნელოვნად შერბილება. კვლევებისა და მონიტორინგის ვალდებულება გაწერილია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტში.
„გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა შეთანხმებული და დამტკიცებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. ყოველ კვარტალურ კვლევებსა და მონიტორინგს ახორციელებენ დამოუკიდებელი სპეციალისტები. ივნისის თვეში ჩატარდა წელს რიგით მეორე კვლევა. ანგარიშები სპეციალისტებს მზად ექნებათ მიმდინარე თვეში და ცხადია, ინფორმაციას გავავრცელებთ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოლოდინი გვაქს, რადგან თავად მკვლევარები ზეპირი საუბრების დროს აღნიშნავდნენ, რომ არაერთი ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი ნახეს სამშენებლო არეალის მიმდებარე ზონებში. ეს კი, პირდაპირი ნიშანია იმის, რომ დიდ მიგრაციას ადგილი არ ქონია” – განაცხადა დავით კობერიძემ, პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა.
2024 წლის მეორე კვარტალში ჩატარებული კვლევები:
- ჰაერის ხარისხი (მტვერი და გამონაბოლქვი), ვიბრაცია – DG Consulting (23 ივნისი)
- ზედაპირული წყლების ხარისხი – DG Consulting (23 ივნისი)
- ფლორა და ფაუნა (ცხოველები, ფრინველები, ამფიბიები, რეპტილიები, მცენარეული საფარი) – ნიკო ქერდიყოშვილი, ეკოლოგიის მაგისტრი, თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო პროგრამების მმართველი (24-26 ივნისი)
- ხელფრთიანების და მათი ჰაბიტატების საექსპერტო კვლევა – გიორგი შეყლაშვილი.
- მდ.ბახვისწყლის ბიომრავალფეროვნება – გიორგი ზაალიშვილი, ბიოლოგიის მაგისტრი (სპეციალიზაცია: ჰიდრობიოლოგია-იქთიოლოგია) (30-31 მაისი)
- გეოლოგია – ლევან ქებულაძე შპს „გეოსტანდარტი“ (21 ივნისი)

