2022 წლის 22 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ენერგო ეფექტური LED განათების სისტემა შეამოწმეს ინვესტორებმა. კომპანია ბახვი ჰესის, რომელიც მდინარე ბახვისწყალზე ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის (ბახვი 1 და ბახვი 2) განმახორციელებელი კომპანიაა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტი ჩაიბარეს და საკუთრებაში გადასცეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
კურორტი ბახმაროს ცენტრალური ქუჩის განათება ბახვი ჰესის სოციალური პროგრამირების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია დაპირდა მოსახლეობას ბახმაროში განათების სისტემის დამონტაჟებას. აღნიშნული პროექტი, ბახვი ჰესმა პარტნიორ ორგანიზაციასთან, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან ერთად განახორციელა. პროექტი 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და საკმაოდ სწრაფი ტემპით დასრულდა. დამონტაჟდა და ენერგოეფექტური LED განათების სისტემით აღიჭურვა 128 ცალი ახალი ბოძი. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, ბახმაროს დასახლებული ნაწილის, კერძოდ, სატყეო და აჭარის ქუჩების ახალი სისტემით განათებას. პროექტი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, უკვე ოფიციალურად ჩაბარდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობასა. მიღება – ჩაბარების აქტზე ხელი ერთის მხრივ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის უფროსმა ალექსეი სანკონსკიმ, ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა და მეორეს მხრივ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ მოაწერეს.
„მოგეხსენებათ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ჩვენმა კომპანიამ 2021 წლის 25 ოქტომბერს გააფორმა. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდებმა უნიკალური პროექტი მოიფიქრეს ბახმაროსთვის. ენერგოეფექტური სისტემით ცენტრალური ქუჩის განათება საჭირო და დროული იყო, რადგან სრულად იყო ამორტიზირებული ძველი სისტემა. 4.5 კილომეტრიან მონაკვეთზე გამოვცვალეთ ბოძები, სულ 128 ცალი, ელექტროგადამცემი ხაზი, რომლიც მიწაში მოთავსდა მეტი დაცულობისთვის და დავამონტაჟეთ ენერგოეფექტური სისტემა. აღსანიშნავია, რომ ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის თანახმად, პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის, კონკრეტულად კი სოფელ ჩხაკაურაში მაცხოვრებელი 8 ადამიანის დასაქმება მოხდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას, რომ გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და ერთობლივი ძალისხმევით ბახმაროს ვაჩუქეთ პროექტი, რომლიც მდგრადია თავისი ხასიათით და გრძელვადიანად იქნება აქ მაცხოვრებელი თუ დასასვენებლად ჩამოსული მოსახლეობის სამსახურში” – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
“ბახმაროს ენერგოეფექტური LED განათებების საპილოტე პროექტი მნიშვნელოვანია სოფლის მაცხოვრებლებისა და ზოგადად ბიზნესის უსაფრთხოებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ენერგოეფექტური განათების გამოყენებას იმ რაიონებში, რომლებსაც აქვთ გაზრდილი ტურიზმის პოტენციალი” – განაცხადა ალექსეი სანკოვსკიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა.
კურორტ ბახმაროს ცენტრალურ ქუჩაზე, ახალი ენერგოეფექტური LED სისტემის ანთება 2022 წლის 22 აგვისტოს საზეიმო ვითარებაში შედგა. ღონისძიებას დაესწრნენ ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, USAID-ის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის და ბახვი ჰესის წარმომადგენლები. პროექტი ბახვი ჰესისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.