ლევან კოღუაშვილი გურულებზე ფილმს იღებს
40 წელს მიტანებული ქვრივი ზურიკო ყოფილ სიდედრთან და 16 წლის შვილთან ერთად გურიაში ცხოვრობს. მოჰყავს თხილი, პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხით კი თბილისში შვილის სასწავლებლად გაგზავნა სურს. ზურიკოს უახლოესი მეგობარი, „მარშუტკის“ მძღოლი გელა და ზურიკოს სიდედრი ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სასწავლებლად დედაქალაქში გადავა, ზურიკო მარტო დარჩება და მარტოსული სიბერეც ექნება. ისინი გამოსავალს ზურიკოს ხელახლა დაოჯახებაში ხედავენ, მიზნის მისაღწევად კი, ყოფილი სიდედრი სიძისთვის, გელა კი მეგობრისთვის ახალ საცოლეს ეძებენ. სასურველ კანდიდატებს ზურიკოსაც აცნობენ. ამ დროს გარეთ 1990-იანი წლები, სამოქალაქო ომი, გზებზე ბანდიტების თარეში და უშუქობაა.
მოიძებნება, თუ არა ზურიკოსთვის სასურველი საცოლე და ჩამოყალიბდება, თუ არა ახალი ოჯახი ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც გურიაში ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის საავტორო ფილმის „გურიის“ გადაღებები დასრულდება და კინოპროდუქტი ეკრანებზე გასაშვებად მზად იქნება. სწორედ ასეთია ფილმის სცენარი, რომლის გადაღებაც ლევან კოღუაშვილს დიდი ხნის განმავლობაში სურდა. რეჟისორს მიზნის საბოლოოდ განხორციელებაში ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი კეკელიძის ნაწარმოების, „გურული დღიურების“ წაკითხვა დაეხმარა. ფილმის სცენარის ავტორები არიან ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე.
„მას შემდეგ, რაც დავიწყე კინოში გააზრებული მუშაობა, ყოველთვის მინდოდა გურიაში კინოს გადაღება. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ეს სურვილი, რადგან მე თვითონ გურული არ ვარ. ჩემი გზამკვლევი გურიაში იყო მწერალი, გიორგი კეკელიძე. წავიკითხე მისი „გურული დღიურები“ და მომეწონა მისი მოგონებები 1990-იან წლებზე, თავის ბავშობაზე, გურიაზე. მომეწონა მისი იუმორი, სევდა. დავუკავშირდი გიორგის და მან შემომთავაზა, რომ ერთად წავსულიყავით გურიაში. გავყევი მას, შემდეგ დავრჩი და საკმაოდ დიდი დრო გავატარე ამ რეგიონში. ვხვდებოდი ხალხს, ვესაუბრებოდი, ინტერვიუებს ვიწერდი. გურიაში ყოფნისას სწორედ ამ საუბრებიდან შეგროვდა ის მასალა და ისტორიები, რომელიც ფილმის სცენარის საფუძველი გახდა“, – განმარტავს ფილმის სცენარზე საუბრისას ლევან კოღუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებებში მხოლოდ ქართული მხარის ძალისხმევა არ დევს. იდეის ავტორმა უკვე მოახერხა და „გურიის“ მიმართ ინტერესი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღძრა. შედეგად, მზადების პროცესში მყოფი ფილმისთვის ევროპიდან მოზიდული თანხების ჯამური მოცულობა 850 ათასი ევროა. შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი და თურქეთი „გურიის“ თანაპროდიუსერები არიან. კითხვაზე, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპელი პროდიუსერები „გურიით“ დაინტერესდნენ, ლევან კოღუაშვილი პასუხობს:
„მათ ამ მასალაში დაინახეს ადამიანური სითბო, ურთიერთობები, იუმორი. ის, რაც, დღევანდელ, საკმაოდ რთულ დროში, როდესაც ამდენი პრობლემაა, ხალხი ასეთი დასტრესილია, ყველაზე მეტად გვჭირდება და გვაკლია“…
ფილმის გადაღების პროცესს ქართველი სპონსორებიც გამოუჩნდნენ. დამფინანსებელ კომპანიებს შორის საკუთარ ადგილს „ბახვი ჰესიც“ იკავებს.
„90-იანი წლების პირველი ასოციაცია უშუქობა და სიდუხჭირეა. სამწუხარო ფაქტი და სიმბოლურიც კია რომ 30 წლის შემდეგაც საქართველოში ენერგოდამოუკიდებოლობის საკითხი ჯერ კიდევ აქტუალური და გადაუჭრელია საკვირველია, რომ მიუხედავად ჩვენი წარსულისა დღეს ჩვენი განახლებადი ენერგო რესურსის ასათვისებლად და პროექტების გასავითარებლად გვიწევს ბრძოლა და მტკიცება იმისა, რომ ამ სფეროს განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და არსებული რესურსის გონივრულად არ ათვისება ქვეყნის ღალატის ტოლფასია . დღეს, ჩვენ, გურულებთან ერთად ვავითარებთ ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს. ამ ხნის მანძილზე ძალიან შეგვიყვარდა გურია და გურულები, ერთი სიამოვნებაა ადგილობრივებთან ერთად ნებისმიერი საქმის კეთება. ფილმის მხარდაჭერა, ჩენთვის გარკვეულწილად, გურულებისთვის მადლობის გადახდის კარგი საშუალებაა. გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ფილმის კეთებაში, რომელიც მსოფლიოს დაანახებს გურული ხალხის იუმორს, კეთილშობილებას, ადამიანობას და გაჭირვების დროს მოყვასის გვერდში დგომის გამორჩეულ უნარს. წარმატებებს ვუსურვებთ ფილმის გადამღებ ჯგუფს და დიდი მოლოდინით ველით ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლას“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორმა ჩვენთან საუბარში.
გურიაში ფილმის გადაღებების პროცესი უკვე აქატიურად მიმდინარეობს. მისი დასრულება კი მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. ამის პარალელურად ქართველი რეჟისორისა და მწერლისთვის არსებობს კიდევ ერთი და დიდი ამოცანა – სურთ, „გურია“ იქცეს სახალხო ფილმად, რომელსაც მაყურებელი შეიყვარებს, რომლის დიალოგებსაც დაიმახსოვრებენ და გაიმეორებენ.
„სცენარზე მუშაობა რთული და ცოცხალი პროცესია. გამუდმებით იცვლება დეტალები და დეტალების ცვლილებამ საბოლოოდ შეიძლება ფუნდამენტური გავლენაც იქონიეს. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ამ სცენარზე. საწყისი ეტაპი ისტორიების შეგროვება იყო, უამრავ ადამიანს შევხვდით, საოცარი მასალა დაგროვდა, შესაბამისად, „გურული დღიურებიდან“ ამ წიგნში მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი და ერთი-ორი ჩემი გამოუცემელი წიგნიდან. რეალურად, ეს დამოუკიდებელი სცენარია, ოღონდ, ცხადია ისევ გურიაზე, ისევ ოთხმოცდაათიანებზე და ისტორიები ისევ ადამიანური მარცხის, გადარჩენის და გამარჯვებისაა“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.
ლევან კოღუაშვილი დარწმუნებულია, რომ „გურიას“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოხვედრის უდიდესი პოტენცილი აქვს. ფილმმა უკვე დაიმსახურა კანის კინოფესტივალის ყურადღება, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2022 წელს „გურია“ ამ პლატფორმის ატელიე სექციაში შეირჩა. ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ყველა ფილმი წარმატებით მოგზაურობს კინოფესტივალებზე. მას მოგებული გვაქვს 40-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, გაქირავებაში გამოსულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ბოლო ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ იყო საქართველოს კანდიდატი ოსკარებზე. გაქირავებაში გამოვიდა ამერიკაში, საფრანგეთში, სადაც 50-ზე მეტ კინოთეატრში იყო ნაჩვენები. რეჟისორი ფიქრობს, რომ „გურიას“ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.